Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვის საკითხს განიხილავენ


რადიო თავისუფლლების კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტთა ნაწილი შეხვედრას მართავს და გაფიცვის საკითხს განიხილავს. რეგიონულ მაუწყებელში ერთი თვის წინ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირები 90-მდე ჟურნალისტს აერთიანებს. მათი პროტესტი გამოიწვია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ჟურნალისტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, გადადიან რადიკალური პროტესტის ფორმაზე - გაფიცვაზე.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუ რას შესთავაზებდა მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი ხელშეკრულებით. რადგან 24 თებერვალს ხელშეკრულებას, რომლითაც ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, გაუქმდა. ხელშეკრულების გაუქმება კი გამოიწვია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებამ (სამი ხმით): 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალსიტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე. თავად მაია მერკვილაძე ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი შეფასებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკიდან მიზანმიმართულად ჩამოაშორეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG