Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა საგაფიცვო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარემ მალხაზ რეხვიაშვილმა რამდენიმესაათიანი შეკრების დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა - იტყობიდენა ბათუმიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.

„ვიმსჯელეთ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ საგაფიცვო პროცედურები. მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტები თანამშრომელთა შრომითი უფლებების და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაცვის მოთხოვნით.

ამ დოკუმენტს მოვამზადებთ და ხელმძღვანელობა მიიღებს ოფიციალური სახით. მანამდე ჩვენ ჩვენი საგაფიცვო სტრატეგიის შესახებ და კონკრეტული მოთხოვნების შესახებ, ბუნებრივია, მათ არ გავაგებინებთ, სანამ დოკუმენტი არ ჩაბარდებათ“, - აცხადებს მალხაზ რეხვიაშვილი.

პროტესტი გაამწვავა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუ რას შესთავაზებდა მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი ხელშეკრულებით. რადგან 24 თებერვალს ხელშეკრულებას, რომლითაც ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, გაუქმდა. ხელშეკრულების გაუქმება კი გამოიწვია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებამ (სამი ხმით): 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალსიტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე. თავად მაია მერკვილაძე ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი შეფასებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკიდან მიზანმიმართულად ჩამოაშორეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG