Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უმასპინძლა


საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზეც, თუმცა არავითარი შეთავაზებები, ან შეთანხმება არ ყოფილა. როგორც ვაშაძე ამბობს, მიმდინარე კვირის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის გამართვა არ იგეგმება, რადგან „ჯერჯერობით არ არის სალაპარაკო თემა“.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, არამედ პოლიტიკოსებმა მოსაზრებები გაცვალეს.

„იყო გამოთქმული სურვილი, რომ მოძებნილ იქნას გამოსავალი ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები ყველა როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური, გადავიდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში და იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

შეხვედრაზე იმყოფებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი.

„თემა, რა თქმა უნდა, ეხებოდა პოლიტიკურ პროცესს, ქვეყანაში საარჩევნო სისტემას ძალიან ბევრი დეტალი იყო განხილული. ზოგადად, ეს შეხვედრა იყო არაოფიციალური, უბრალოდ, ოჯახურ გარემოში. საარჩევნო სისტემას უკავშირდებოდა, მაგრამ ფორმატი იყო არაოფიციალური. ეს არ იყო შეხვედრა, სადაც რაიმე ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს. წარმოიდგინეთ, არაოფიციალურ გარემოში შეხვედრა-საუბარი იყო სხვადასხა თემაზე. შეთანხმება და რაღაც დოკუმენტზე, მემორანდუმზე ხელმოწერა არ ხდება ასეთ გარემოში. როგორც წესი, ისმენენ ჩვენს მოსაზრებებს, რას ვფიქრობთ ჩვენ, სხვა პოლიტიკოსები. ასევე, ელჩებს მოვუსმინეთ სხვადასხვა თემებზე. რა თქმა უნდა, პეპლებზე და ყვავილებზე არ ვსაუბრობდით, საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას“, – თქვა ინაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

„ქართული ოცნებიდან“ ელჩის მოადგილესთან სტუმრად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე.

შეხვედრას პოლიტიკოსების გარდა ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG