Accessibility links

site logo site logo

დეკანოზ მამალაძეს სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 5 მარტს იმსჯელებს


დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გამოჯანმრთელებამდე გადავადების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. სასამართლოს გადაწყვეტილებით. პროცესი 5 მარტს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია თავად მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. მოსამართლის განცხადებით დაუსწრებლობის მიზეზი მსჯავრებულის პირადი მოტივი იყო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დეკანოზ მამალაძის სრულ გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადების მოთხოვნით 11 თებერვალს მიმართა.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

EMC-ის თანახმად, ეს პროცედურა მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობაში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG