Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტთა ერთწუთიანი მდუმარე პროტესტი პირდაპირ ეთერში


აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გადაცემა „მთავარის“ პირდაპირ ეთერში პროტესტი ერთწუთიანი მდუმარე აქციით გამოხატეს. გადაცემის წამყვანმა თეონა ბაკურიძე განმარტა რომ, ეს არის პროტესტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო, რომელიც მისივე თქმით, არის შტურმი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

ჟურნალისტები დირექტორს გიორგი კოხრეიძესა და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრებს: გიგა ჩხარტიშვილს, თამილა დოლიძესა და სოსო სტურუას ადანაშაულებენ. ისინი მაუწყებლის მრჩევლები პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენით არიან.

პირდაპირ ეთერში ჟურნალისტს ხელში ჰქონდათ ტრანსპარანტი წარწერით: „აჭარის მაუწყებელში სუსია“. მათი განმარტებით, აქცია უკავშირდება გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს, 28 თებერვალს, სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი.

24 თებერვალს კი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის მაია მერკვილაძის შტატი გააუქმა, რის საფუძველზეც იგი სხვა პოზიციაზე გადაიყვანა.

აჭარის მაუწყებლის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლების შესახებ კი თანამშრომელს წერილით შეატყობინა და განმარტა: „ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გიორგი კოხრეიძის წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG