Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნელი ნაბიჯით, მაგრამ წინსვლა არის“ - ხელისუფლება-ოპოზიციის არაფორმალური შეხვედრა დასრულდა


ფოტო: 2019 წლის 8 დეკემბერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრა
ფოტო: 2019 წლის 8 დეკემბერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრა

ამერიკის ელჩის მოადგილისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე რეზიდენციაში უმასპინძლა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

„არავითარი შეთანხმება არ არის. არავითარი წინადადება და თანხმობა არ ყოფილა. აზრების თავისუფალი გაცვლა იყო“, - თქვა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. თუმცა მალევე დასძინა: „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა, მოხსნა თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც თეორიულად ოპოზიციისთვის იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა, არ ვიცით“.

როგორც ვაშაძე ამბობს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა რჩება - მაქსიმალურად მიახლოება პროპორციულ სისტემასთან და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ არაფერი არსებითად არ შეცვლილა.

„თუ შეიცვლება ვითარება, ან ბატონი ივანიშვილი გონს მოვა და გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, იმისკენ, რომ განიმუხტოს ვითარება, ყველამ იცის ჩვენი პოზიცია. განმუხტვას სჭირდება ორი რამ: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ნიშნავს არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. თუ ეს მოხდება, მთელი ოპოზიცია მოწადინებულია, განიმუხტოს ვითარება. ოპოზიცია არის ძალიან მოქნილი. ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს“, - აღნიშნავს ბოკერია.

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნება მიღწეული.

„ბოლო ათ დღემდე ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას მაინცდამაინც ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა და ამიტომ ვაგრძელებთ თავდაუზოგავად შრომას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, ადამიანები უფრო არ დავშორდეთ ერთმანეთს და ამ საერთო სამშობლოს ბრძოლის ველად და ასპარეზად არ ვუყურებდეთ. კომპრომისის შანსი არსებობს. კმაყოფილი ვარ ჩემი კოლეგების, ოპოზიციის მხრიდან და ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც, რომ ამ სირთულეებს ვუმკლავდებით“, - ამბობს უსუფაშვილი. მისი თქმით, თუ მომავალ სამშაბათ-ოთხშაბათს ტექსტი პარლამენტში არ შევიდა, მაისის ბოლომდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება, არჩევნები კი ოქტომბერშია. ამიტომ, როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, ამჟამად ბუნებრივი ცაიტნოტია და არა - სამართლებრივი.

არაფორმალურ შეხვედრას ესწრებოდა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში. მისი თქმით, მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო, კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. ჯაშმა ისიც თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მასპინძლობით გამართულ შეხვედრაზე ახალი წინადადებები იყო წარმოდგენილი, ახლა კი მათზე საპასუხო პოზიცია მოისმინეს.

„მსჯელობა სწორედ, ამ ვერსიებთან დაკავშირებით წავიდა. მინდა პატივი ვცე მოლაპარაკების შეთანხმებას და კონკრეტული რიცხვების შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა „100-50“-თან შედარებით, უფრო პროპორციულისკენ ნაბიჯი გადადგმულია“, - თქვა მარიამ ჯაშმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეხუთე რაუნდის გამართვა დაგეგმილი არ არის. პოლიტიკოსები არც მომდევნო არაფორმალური შეხვედრის შესახებ საუბრობენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდის წინ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების საკონსულტააციო ფორმატმა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG