Accessibility links

site logo site logo

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შესაძლებელია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად ნაბიჯები გადაიდგა.

როგორც თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მათ შორის შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია.

„ჩვენ დღეს გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობასთან სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა. განვიხილეთ მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა მთავარი საკითხი. ჩვენი გუნდი ამომწურავად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ ძირითად პირობებზე, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განიხილებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რათა მათ მაქსიმალურად ხელი შეუწყვეს დიალოგის წარმართვას და მოლაპარაკებებს, პოლიტიკოსების დაახლოებას.

ამ მომენტისთვის, შემიძლია გითხრათ, ჩვენს გუნდსაც აქვს იგივე ინფორმაცია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით - იქნება ეს პროპორციები, 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც 2020 წელს უნდა ჩატარდეს - ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომლებიც ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო. მესმის, რომ ამ დღეებში ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, რომ თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკების საგანი იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხშირად ამ წარმომადგენლების განცხადებები იმ რაციონალურ არგუმენტებს და რეალობას სცდება, რომელიც განიხილებოდა. მინდა ყველა ადამიანი დავამშვიდო, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს. ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან, ნაბიჯები არის გადადგმული იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. დღეის მონაცემებით, შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას და დაბლოკავს, მოუწევს, რომ საზოგადოებასა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ამის რეალური მიზეზი და მოტივაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ბრიფინგზე თალაკვაძემ თავი შეიკავა იმ შეთავაზების დეტალებზე საუბრისგან, რომელზეც დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდა უმრავლესობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG