Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის პრევენციისთვის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთი კვირით მუშაობას წყვეტს


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ერთი კვირით, 3-დან 9 მარტის ჩათვლით მუშაობას წყვეტს. ინფორმაცია ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"9 მარტიდან, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელებსა და მომსახურების ადგილებში განთავსდება სპეციალური სადეზინფექციო დისპენსერები, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემომსვლელი ყველა პირი გამოიყენებს", - განმარტავენ ბიბლიოთეკაში.

საგანმანათლებლო, სპორტისა და კულტურის დაწესებულებებმა სადენზიფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ რეკომენდაცია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღეს. უწყებაში განმარტავენ, რომ რეკომენდაცია 90-მდე კულტურულ დაწესებულებას, 10-მდე სპორტულ დაწესებულებასა და რამდენიმე ათეულ საგანმანათლებლო უწყებას გაუგზავნეს.

განათლების სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინეს რუსთაველის, მარჯანიშვილის, ნოდარ დუმბაძისა და სხვა თეატრების ხელმძღვანელებმა. სპექტაკლების ჩვენება ორი კვირით შეწყდა.

2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. საქართველოში კარანტინში 97 ადამიანია (ჯანდაცვის მინისტრი 120-ს ასახელებს), მათგან 40 სამედიცინო დაწესებულებებშია. გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიაში თბილისიდან, გორიდან და ქუთაისიდან გადასამოწმებლად სულ 14 სინჯია გადაგზავნილი.

საქართველოში კორონავირუსის სამივე შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG