Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტობის კანდიდატი ლეონიდ ძიაფშბა არჩევნების 1 თვით გადადებას ითხოვს


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ლეონიდ ძიაფშბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ერთი თვით გადადების ინიციატივით გამოვიდა. ამის მიზეზად მან ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ლეონიდ ძიაფშბამ უარი თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ტელევიზიაში მისთვის, როგორც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატისთვის გამოყოფილი საეთერო დროის გამოყენებაზე და ხალხს, ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ე.წ. პარლამენტს 22 მარტისთვის დანიშნული არჩევნების ერთი თვით გადადების წინადადებით მიმართა.

„იცით, როგორი არაჯანსაღი საუბრებია ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რას ამბობს კანონი, მაგრამ კანონი კანონია და არსებობს ჩვენი წესები და ტრადიციები. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ოფიციალურად გთავაზობთ არჩევნების ერთი თვით გადადებას. და მეორე, მე მგონია, რომ დეპუტატებმა უნდა მიიღონ კანონი, რომელშიც ზუსტად იქნება გაწერილი როგორ მიიღებენ მეორე ტურის კენჭისყრაში მონაწილეობას ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა ლეონიდ ძიაფშბამ.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 მარტს გაუარესდა. კრასნოდარის კლინიკაში იგი 2 მარტს გადაიყვანეს სოჭიდან, სადაც ჰოსპიტალიზებული იყო მას შემდეგ, რაც თავი ცუდად იგრძნო. 3 მარტს „რია ნოვოსტი“ მედიკოსებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ბჟანია მოწამლული იყო უცნობი ნივთიერებით. აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, კანდიდატს „ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია“ დაუდგინდა.

2019 წელს ბჟანიამ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია.

22 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები ტარდება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG