Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი მორიგი კრიზისის ზღვარზე


ასლან ბჟანია (მარცხნიდან მესამე) და სერგეი შამბა (მარცხნიდან მეოთხე). 2019 წელი.
ასლან ბჟანია (მარცხნიდან მესამე) და სერგეი შამბა (მარცხნიდან მეოთხე). 2019 წელი.

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტია დარჩენილი, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, გაიმართება თუ არა არჩევნები 22 მარტს. გაურკვეველი ვითარება შექმნა მთავარი საპრეზიდენტო კანადიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მკვეთრმა გაუარესებამ. რუსული მედიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბჟანიას მოწამვლის შესახებ უკიდურესად დაძაბა ვითარება როგორც აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში, ასევე თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთს შორის.

ისევ მოწამლეს თუ?..

აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 მარტს დამძიმდა, რის გამოც აფხაზი პოლიტიკოსი სასწრაფოდ გადაიყვანეს რუსეთში, სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც, მედიკოსების ცნობით, „პაციენტი მედიკამენტოზურ კომაში იქნა შეყვანილი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი ტრანსპორტირება კრასნოდარის კლინიკაში“.

3 მარტს სააგენტო „რია ნოვოსტიმ“, „ყუბანის მხარის სამედიცინო წრეებზე დაყრდნობით“, გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ასლან ბჟანია „მოწამლულია უცნობი ნივთიერებით“. რუსული მედიით გავრცელებულმა სწორედ ამ ცნობამ გამოიწვია დიდი მღელვარება აფხაზეთის საზოგადოებაში. საქმე ისაა, რომ ბჟანიამ 2019 წელსაც გადაიტანა მძიმე დაავადება, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ეჭვი ჰქონდათ ინტოქსიკაციაზე.

3 მარტს ბჟანიას მომხრეებმა სოხუმის ცენტრში გამართეს საპროტესტო აქცია და მოითხოვეს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას გადადგომა.

4 მარტს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა, შეხვდა სოხუმში რუსეთის ელჩს, ალექსეი დვინიანინს, რომელსაც უჩვეულოდ მკაცრი ტონით განუცხადა, რომ რუსეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბჟანიას მოწამვლაზე, წარმოადგენს აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას.

ვალერი ბგანბა
ვალერი ბგანბა

„ბატონო, ელჩო! მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო რუსეთის მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალების, მათ შორის, სახელმწიფო სააგენტოების მოქმედებას, რაც გამოიხატა პრეზიდენტობის კანდიდატისა და სახალხო კრების დეპუტატის, ასლან ბჟანიას მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. ჩვენი შეფასებით, ეს არის აფხაზეთის რესპუბლიკაში პოლიტიკურ-საზოგადობრივი ვითარების დესტაბილიზაციის დაუფარავი მცდელობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე.

"დღეს ლაპარაკია იმაზე, გაიმართოს თუ არა 22 მარტს არჩევნები. ასლან ბჟანიას ავადმყოფობით, არძინბას კლანს გაუჩნდა გამარჯვების შანსი, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს არ იქნება პროცესების დასასრული, ამით დაიწყება მორიგი არეულობა..."
პაატა ზაქარეიშვილი


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოითხოვს, დაუყოვნებლივ გადაეცეს აფხაზეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს ყველა ფაქტობრივი მასალა, რომლებიც გააჩნიათ ამ გამოცემებს, მათ შორის, სამედიცინო დასკვნები წინასაგამოძიებო შემოწმებისთვის. მეორე. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის პარლამენტის დეპუტუტის, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ა. ბჟანიას რუსეთის ტერიტორიაზე თითქოსდა მოწამვლის ფაქტზე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობას განვიხილავთ როგორც არამეგობრულ აქტს აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ და ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედოთ აფხაზეთის რუსპუბლიკის სურვერენიტეტისა და მოქალაქეების დასაცავად“, - უთხრა ვალერი ბგანბამ რუსეთის ფედერაციის ელჩს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ალექსეი დვინიანინს, რომელმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „ექსტრემისტები აფხაზეთის პოლიტიკური წრეებიდან ცდილობდნენ სოხუმში რუსეთის წარმომადგენლობის პიკეტირებას“.

შეცვლილი ტონი

აფხაზეთის საზოგადოების უკიდურეს უკმაყოფილებაზე მეტყველებს თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერის ასლან კობახიას პოზიციაც, რომლის მიხედვითაც, „არაა საკმარისი დაიბარო იმ ქვეყნის ელჩი, რომლის ტერიტორიაზეც ორჯერ ჩავარდა ადამიანი კომაში. რატომ არ უნდა იცოდეს აფხაზმა ხალხმა რუსეთის გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო კომიტეტისა და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია? ნუთუ ვერავინ ხედავს, როგორ მწიფდება აფხაზეთის საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები?“

აფხაზურ საზოგადოებაში შექმნილი დაძაბული ვითარება მნიშვნელოვნად განმუხტა როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა დიაგნოზმა - „ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია“, ასევე 5 მარტს გამართულმა შეხვედრამ, რომელიც კრასნოდარში შედგა გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარ ასლან ბჟანიასა და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატ, ადგურ არძინბას შორის.

ადგურ არძიმბა (მარცხნივ)
ადგურ არძიმბა (მარცხნივ)

როგორც ჩანს, ვითარების განმუხტვაზე იზრუნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ყოველ შემთხვევაში, განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა 5 მარტს, არ ჩანს ვალერი ბგანბას მკაცრი და, ალბათ, რუსეთისათვის შეურაცხმყოფელი ტონის გამოძახილი.

„ყურადღებით ვაკვირდებით შიდაპოლიტიკურ სიტუაციას აფხაზეთში, მათ შორის, 22 მარტისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ფუჭი ემოციებისგან და იმოქმედოს სამართლებრივ სივრცეში დემოკრატიული პროცედურების დაცვით. რუსეთი, დაინტერესებულია რა მეგობრული აფხაზეთის სტაბილურობითა და უსაფრთხოებით, რჩება მრავალმხრივი ურთიერთობის მხარდამჭერად და განაგრძობს რესპუბლიკისათვის მასტაბურ მხარდაჭერას.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ა. ბჟანიას განმეორებთ ავადმყოფობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ რუსი ექიმები კრასნოდარში, სადაც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ა. ბჟანია, უწევენ ყველა სახის საჭირო სამედიცინო დახმარებას. ა. ბჟანიას ავადამყოფობის მიზეზების შესახებ უკვე ეცნობათ აფხაზ პარტნიორებს. განწყობილი ვართ, სოხუმთან ორმხრივი ურთიეთქმედება წარვმართოთ მშვიდ და პრაგმატულ ვითარებაში ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მოკავშირული სულისკვეთებით“, - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 მარტის არჩევნები - დასრულდება თუ გაღრმავდება კონფრონტაცია?

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 22 მარტისთვის დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია; აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შს ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაპშიპა. ასლან ბჟანიას ჰოსპიტალიზაციის გამო, დანარჩენმა კანდიდატებმა - არძინბამ და ძიაპშიპამ შეწყვიტეს ამომრჩევლებთან შეხვედრები. ძიაპშიპა გამოვიდა ინიციატივით, გადაიდოს არჩევნები ერთი თვით.

აფხაზეთში დაწყებულ მორიგ კრიზისს აფხაზი ხალხის კულტურულ ფენომენს უწოდებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვივლი, რომლის თქმითაც, ეს კრიზისები უკავშირდება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, მოყოლებულს 2004 წლიდან დღემდე.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

„22 მარტის ვადამდელი არჩევნებიც კრიზისიდან გამოსვლის მიზნითაა დანიშნული. ეს არჩევნები შედეგია შარშან ზაფხულში ჩატარებული არასრულფასოვანი არჩევნებისა, რომელშიც მონაწილეობა ვერ მიიღო მთავარმა ფავორიტმა კანდიდტმა ასლან ბჟანიამ, რომელიც ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ მისმა არმონაწილეობამ არჩევნებში გამოიწვია დღევანდელი კრიზისი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის გათვლებით, რომ არა ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ალბათ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. რაც შეეხება ძიაპშიპას, ის ორჯერ იყო დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი და მის დროს ყვაოდა კორუფცია და კრიმინალი. არძინბა კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ე.წ. არძინბას კლანის წარმომადგენელია.

„დღეს ლაპარაკია იმაზე, გაიმართოს თუ არა 22 მარტს არჩევნები. ასლან ბჟანიას ავადმყოფობით, არძინბას კლანს გაუჩნდა გამარჯვების შანსი, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს არ იქნება პროცესების დასასრული, ამით დაიწყება მორიგი არეულობა. ამიტომ დგას დღის წესრიგში არჩევნების გადადების საკითხი: ან ბჟანია გამოჯანმრთელდება, ან ბჟანიას გუნდიდან ახალი კანდიდატი დასახელდება. ეს დილემაა ახლა, რომელზეც გარკვეული პასუხი არ არსებობს“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმითაც, უახლოეს დღეებში გაირკვევა, გადაიდება თუ არა არჩევნები, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს იმას, განიმუხტება თუ არა ვითარება აფხაზეთში.

„თუ ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბება, ბჟანიას მომხრეები, ალაბთ, დაიკავებენ დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებებს და მოახდენენ მათ პარალიზებას. ძალოვან სტრუქტურებს არ აქვთ სურვილი, შეაკავონ მასობრივი პროტესტი. პატარა საზოგადოებაა და ფართოა ნათესაური კავშირები. ამის მაგალითია უმოქმედობა ხაჯინბას ოფისში შევარდნაზე. ასე რომ, ძალიან მაღალია ალბათობა, ბჟანიას მომხრეებმა ძალისმიერი მეთოდებით გააჩერონ საარჩევნო კამპანია. მეორე გზა არჩევნების ბოიკოტია. თუ ზღვრული რაოდენობა არ მივა არჩევნებზე, მაშინ არჩევნები ჩაიშლება - ამას ითვალისწინებს დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობა“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რუსეთის როლი

რუსეთის მისამართით გამოთქმული არადიპლომატიური საყვედური არანაიარად არ ჯდება მოსკოვისა და სოხუმის ტრადიციულ ურთიერთობებში, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დღემდე წარმატებით ეწინააღმდეგება რუსეთს მიწის, უძრავი ქონების, ნავთობის მოპოვებისა და მთელ რიგ სხვა საკითხებში.

ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ სოხუმში ეჭვობენ, რომ ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში მოსკოვის ხელი ურევია?

პაატა ზაქარეშვილის თქმით, სოხუმში ზუსტად იციან, რომ ბჟანიას ერჩის ის ხალხი, ვისაც არ უნდა, რომ მან დაიწყოს ბრძოლა კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ.

„რუსეთს უყვარს მოწინააღმდეგის დასჯა, მაგრამ ისე, რომ სარგებელი მიიღოს. თუ ეს დასჯაა და არა ავადმყოფობა, ბჟანიას დასჯით ის ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობს. ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ ბგანბამაც კი უჩვეულოდ ხისტი განცხადება გააკეთა. რუსეთს რა თქმა უნდა შეუძლია მოსპოს, ამისთვის პოლონიუმიც ჰყოფნის და სხვა უამრავი საწამლავი აქვს, რათა მისთვის მიუღებელი ადამიანები მოსპოს... პრობლემა ეს არ არის. თუ ვიღაცის გასაჩუმებლად აკეთებს, კი, ბატონო, მაგრამ თუ შედეგად მიიღებს არეულობას, რევოლუციას, დაძაბულობას და ანტირუსულ განწყობებს, ის ამაზე არ წავა. დღეს რუსეთის პრაგმატული ინტერესია, არ იყოს დაძაბულობა და არეულობა აფხაზეთში. ნებისმიერ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელიც მას შეუქმნის სტაბილურობის გარანტიას იმიტომ, რომ ბევრი სხვა პრობლემაც აქვს სირიაში, თურქეთში, ბელორუსიაში, ქვეყნის შიგნითაც“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, რუსეთისთვის მისაღებია დე ფაქტო პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი, რომელიც გამოხატავს აფხაზი ხალხის შეთანხმებულ დამოკიდებულებას, რუსეთი ყველა მათგანთან გამონახავს საერთო ენას, თუმცა, როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, შეუძლებელია იმის არდანახვა, რომ რუსეთმა ვერცერთი თავისი სტრატეგიული ამოცანა - უძრავი ქონება, მიწის საკითხი, ნავთობის მოპოვება - ვერ შეასრულა ვერც ერთი პრეზიდენტის მმართველობის დროს.

„ჩვენ უნდა დავაფასოთ აფხაზი ხალხის სითამამე. ისინი არ არიან რუსეთის ყურმოჭრილი მონები. მაქსიმალურად ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ როგორც პოლიტიკაში, ასევე განცხადებების დონეზეც კი. ამიტომ საქართველომ უნდა დაიწყოს პირდაპირი კონტაქტები აფხაზეთთან, არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ მხოლოდ რუსეთთან გვაქვს ურთიერთობა გასარკვევი და აფხაზებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ეს ლეგენდა უნდა დასრულდეს“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG