Accessibility links

logo-print logo-print

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის სასამართლო პროცესი 23 მარტს დაიწყება


ალმაზბეკ ატამბაევი (ცენტრში)

გამოცხადდა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევისა და საქმეში მასთან ერთად მონაწილე კიდევ 13 პირის სასამართლოს თარიღი. როგორც ატამბაევის ადვოკატმა ზამირ ჯოოშევმა განუცხადა რადიო თავისუფლებას, ბიშკეკის საოლქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა, რომ სასამართლო პროცესი 23 მარტს დაიწყება. საქმე ეხება შარშან უშიშროების ძალებთან შეტაკებებს ატამბაევის რეზიდენციაში და მის გარშემო. ჯოოშევის თქმით, მოსამართლემ არ მიიღო დაცვის შუამდგომლობა სხდომის საჯაროდ გამართვის თაობაზე.

შარშან აგვისტოში უშიშროების ძალები გაიგზავნა ატამბაევის რეზიდენციაში დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად მდებარე კოი-ტაშის დასახლებაში. ეს ზომა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ატამბაევი არ დაემორჩილა სასამართლოს სამ განკარგულებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გამოსაცხადებლად. საქმე ეხებოდა გამოძიებას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელის ციხიდან გათავისუფლებაზე 2013 წელს, რასთანაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდა ატამბაევს.

8 აგვისტოს ატამბაევი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის პოლიციას ჩაბარდა ორდღიანი წინააღმდეგობის შემდეგ.

შეტაკებებში დაიღუპა უშიშროების ძალების 47 წლის თანამშრომელი, დაიჭრა 170-ზე მეტი, მათ შორის 79 სამართალდამცველი.

ატამბაევი და დანარჩენი 13 ბრალდებული არ აღიარებენ დანაშაულს და აცხადებენ, რომ მათი საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG