Accessibility links

“ქალები სიყვარულს უხსნიან ქალებს” - თბილისში ფემინისტური ფილმების ფესტივალი დაიწყო


ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე“ წელს ქალების ურთიერთობებზე გვიამბობს. „ქალებს უყვართ ერთმანეთი - მეგობრულად, პლატონურად, ვნებიანად, იმედით, უიმედოდ, სიხარულით, შიშით, ფარულად თუ ხმამაღლა. ურთიერთობები კი ვითარდება გარემოში, რომელიც მათ არსებობას არ აღიარებს ან არ იმჩნევს“, - ვკითხულობთ იმ ფესტივალის აღწერაში, რომელიც 6-8 მარტს ჩატარდება.

რადიო თავისუფლება ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ნათან გულიაშვილთან, გთავაზობთ ინტერვიუს.

ფესტივალის მიზანი ქალებს შორის ურთიერთობის ჩვენებაა - იქნება ეს მეგობრული თუ რომანტიკული. მოდით, რომანტიკულით დავიწყოთ. რა წინააღმდეგობას აწყდებიან დღეს საქართველოში ჰომოსექსუალი ქალები და განსხვავდება თუ არა ის იმავე თემის მამაკაცების გამოცდილებისაგან?

საზოგადოება ორივე შემთხვევაში აგრესიულია. ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე სქესის წყვილის მიმართ უფრო შემწყნარებლები არიან, გარდა ჰეტეროსექსუალი წყვილებისა. ყოფილა შემთხვევებიც, მეგობრები - ლესბოსელი ქალი და გეი მამაკაცი - დაქორწინებულან, რათა თავიანთი ორიენტაცია შეენიღბათ.
თუმცა უცნაურია ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ლესბოსელი ქალების მიმართ. ერთი მხრივ, ის კრიტიკულად აფასებს LGBT თემს, მეორე მხრივ კი, სრულიად არასერიოზულად უყურებს ქალებს შორის ურთიერთობას. ქალის სექსუალური თუ რომანტიკული გრძნობების ობიექტად მხოლოდ კაცია მიჩნეული. ნებისმიერი ლესბოსელი ქალის ორიენტაციას ხსნიან იმით, თითქოს მან ვერ იპოვა „ნამდვილი მამაკაცი“, ან გული ატკინეს და ამიტომ ქალებთან „სცადა ბედი“.

კინოფესტივალის აფიშა
კინოფესტივალის აფიშა

ფესტივალზე ფემინიზმისა და სექსუალური უმცირესობების თემები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. რა აერთიანებს ამ ორ ჯგუფს?

ვერ წარმომიდგენია ფემინისტი, რომლისთვისაც ლესბოსელების, ბისექსუალების, გეებისა თუ ტრანსგენდერების საკითხი არ იყოს მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არსებობენ ასეთებიც. როდესაც შენი უფლებები ირღვევა და ამის მიზეზი პატრიარქალური სამყაროა, უნდა გაგახსენდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ასევე მსხვერპლია იმ ნორმებისა, რომლებიც პიროვნებას ზღუდავს. ქალების უფლებებისათვის ბრძოლა სექსუალური უმცირესობებისათვის ბრძოლასაც გულისხმობს და პირიქით.

ფემინიზმს ხშირად შეურაცხმყოფელ ეპითეტად იყენებენ. ქალები, რომლებიც სხვა ქალის უფლებას იცავენ, ასეც იწყებენ ხოლმე წინადადებას: „ფემინისტი არ გეგონოთ, მაგრამ...“. რატომ ეშინიათ, რომ ვიღაცამ ისინი შეიძლება ფემინისტად ჩათვალოს?

ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხშირად ფემინიზმი სხვანაირად გვესმის, მაგალითად, როგორც კაცთმოძულეობა ან კაცების ჩაგვრის სურვილი (უნდა ვაღიაროთ, ეს თავად ფემინიზმის პრობლემაცაა). ქალებს, რომლებიც ვალიდაციას ელიან სოციუმისაგან, ან, თუნდაც, ოჯახისაგან, ეშინიათ რადიკალურობის, ეშინიათ მსგავსი სახელის მქონე ჯგუფებთან ასოცირების. შესაბამისად, ის, ვინც ცდილობს თან დაიცვას სხვა ქალის უფლება და თან შეინარჩუნოს სხვებისათვის მისაღები სახე, ამბობს: „ფემინისტი არ გეგონოთ, მაგრამ...“. ამით მოსალოდნელ გარიყვას არიდებენ თავს.
სამწუხაროდ, ასეთ ქალებს ხშირად თავად ფემინისტები აკრიტიკებენ. მთავარი მიზანი არა მათი შერცხვენა, არამედ გამოსავლის ძიებაა. შესაძლებელია, ეს ქალები ჩვენთვის, ერთი შეხედვით, მიუღებელ რაღაცას ამბობდნენ, თუმცა პრობლემის აღმოფხვრისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გააზრებაა, თუ რატომ აქვთ მათ მსგავსი შეხედულება, ან რატომ ეშინიათ აზრის დაუფარავად გამოთქმის.

მეორე საკითხია ის, თუ რატომ სძულთ ფემინისტები. სძულთ თუ ეშინიათ? მართლაც ასეთი „ბრაზიანები“ არიან ისინი?

პატრიარქალური კულტურის მიერ შეფასებული ქალი წყნარი და მორჩილია. ის არ გამოთქვამს პრეტენზიას მაშინაც კი, როდესაც ეს პრეტენზია სამართლიანია. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ფემინისტი ქალები ნამდვილად არიან „ბრაზიანები“. ამიტომაც არ უყვართ ისინი, ან, უფრო ზუსტად, ეშინიათ მათი. ისინი არ ჯდებიან იმ ნორმებში, რომლებიც, დიდი ხანია, ქალებს დაუწესეს.

ფესტივალისთვის შერჩეული ფილმების უმეტესობა ლესბოსური სიყვარულის შეუმდგარ ურთიერთობებზეა, დაწყებული თამარ შავგულიძის „კომეტებიდან“ და დამთავრებული სელინ სკიამას პოეტური კინოსურათით - „ალმოდებული ქალის პორტრეტი“. განსხვავება მხოლოდ ეპოქებსა და გეოგრაფიულ ლოკაციებშია. შეიძლება თუ არა, ეს აღვიქვათ ფესტივალის მცდელობად, წარმომავლობის, ასაკისა და ისტორიული კონტექსტის მიუხედავად, ერთი კონკრეტული პრობლემის გარშემო გააერთიანოს მსოფლიოს ყველა ქალი?

ჩვენი მიზანი არ ყოფილა იმის ჩვენება, რომ სადღაც, დასავლეთში, ყველაფერი კარგად არის, რაც არც შეესაბამება სიმართლეს, და რომ პრობლემა მხოლოდ ჩვენთან და ჩვენს მსგავს ქვეყნებში დგას. გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქალები, განსაკუთრებით კი, ლესბოსელი ქალები დგანან, არც მხოლოდ ჩვენი საუკუნის მოვლენაა და არც მარტო ჩვენი თაობის. „ქალები სიყვარულს უხსნიან ქალებს“ - ეს არის ჩვენი სლოგანი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიყვარული რომანტიკულია თუ მეგობრული. ნებისმიერ შემთხვევაში ქალების ცხოვრებას ერთი მოტივი გასდევს: მათი ხმა საკმარისად არ ისმის.

მხოლოდ წელს საქართველოში 3 ქალი მოკლა პარტნიორმა მამაკაცმა. ასეთი ტრაგედიებისას ხშირად მსხვერპლ ქალს სდებენ ხოლმე ბრალს. რატომ უადვილდება საზოგადოებას ქალის დადანაშაულება?

საზოგადოებაში, სადაც კაცს აქვს ყველანაირი ძალაუფლება, ქალისკენ ხელის გაშვერა ბევრად უფრო მარტივია. მათ შორის, ქალებსაც უმარტივდებათ სხვა მსხვერპლი ქალების დადანაშაულება. ეს ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტია. თუკი იტყვი, რომ, მაგალითად, ვიღაცამ პარტნიორი იმიტომ მოკლა, რომ ის არ იყო კარგი დედა ან ცოლი, თავს ირწმუნებ, რომ შენ თუ არასოდეს იქნები „მიუღებელი“ ქალი, საფრთხე არ დაგემუქრება, თუმცა, რეალურად, კარგი ცოლის მნიშვნელობა ბუნდოვანია.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ვორქშოპი, რომელიც ქვიარ ფემინისტებს აჩვენებს, როგორ აქციონ არქივები აქტივიზმის იარაღად. ეს კი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების არქივების საშუალებით იქნება განხილული. რითია განსაკუთრებულად საინტერესო ეს სივრცე?

დღეს თითქოს ყველას სწამს, რომ ჰომოსექსუალობა მხოლოდ დასავლური ცნებაა და რომ ჩვენთან, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ეს ამ საუკუნემდე არ ხდებოდა. ამ საკითხში არ შეიძლება საზოგადოება დავყოთ, როგორც საბჭოეთში ნაცხოვრები ხალხი, ვისაც შეუძლებელია ესმოდეს ჰომოსექსუალთა პრობლემები, და ჩვენ - დასავლელი პროგრესულები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი თუნდაც ფილმი „კომეტები“, სადაც პროტაგონისტები მშობლების თაობის წარმომადგენლები არიან. ამით იმსხვრევა მითი, თითქოს, დასავლეთიდან „შემოვიდა“ ჰომოსექსუალობა და ჩვენს თაობას ვირუსივით შეეყარა. ისტორიული არქივი შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან იარაღად ვაქციოთ მსგავს სტერეოტიპებთან ბრძოლისას.

და მაინც, ვისთვის ტარდება ეს ფესტივალი?

ჩვენი აქტივიზმი არ არის აუცილებლად ვიღაცასთან ხელჩართული ბრძოლა. ყველაზე მეტად სწორედ ე.წ. აზროვნების აქტივიზმი აკლია ჩვენს საზოგადოებას. კინო კი ამის საუკეთესო საშუალება მგონია.
ფესტივალი 2011 წლიდან იმართება. 2013 წლის შემდეგ, LGBT თემისადმი გაზრდილი აგრესიის გამო, ცოტა ხნით გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალი დახურული ფორმატით ჩაგვეტარებინა. ბოლო წლებში კი ჩვენი წამოწყება კვლავ ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადეთ. ასე რომ, ფესტივალი ყველასთვისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG