Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI-მ დაასახელა საქმეები, რომელთა გამოც პოლიტიკური დევნის საფუძვლიანი ეჭვი აქვს


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“(TI) დაასახელა სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა გაჭიანურებული ან არაეფექტიანი გამოძიების, დევნის დაწყების დროის, კონტექსტის და გამოძიებისას უფლებების დარღვევის გამო, საფუძვლიანად ვარაუდობს, რომ პროკურატურა და სასამართლო მმართველ პარტიასთან შეთანხმებულად მოქმედებენ და მათი მიზანია არა მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების პოლიტიკური პროცესებისგან ჩამოშორება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, გამოიკვეთა 9 პირი, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დამფუძნებლები არიან და რომელთა მიმართ გამოძიებაა დაწყებული, ან ბრალი აქვთ წარდგენილი, ან გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია. არასამთავრობო ორგანიზაცია ასახელებს გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, გიორგი რურუას, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხაზს უსვამს, რომ „ბოლო პერიოდში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე. საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული“.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებითვე, „ცხადია, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, თუმცა პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება - გამოძიების მიმდინარეობა, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების დრო, კონტექსტი და სხვა მოვლენათა ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა შეთანხმებულად მოქმედებს და იგი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენება“.

კერძოდ:

- ოპოზიციური პარტიების ლიდერების ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ანდა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, ძირითადად, ხელისუფლების მიმართ მათი ოპონირების გააქტიურებას ემთხვევა;

- ხშირ შემთხვევებში, საქმეებს სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანთან დაახლოებული მოსამართლეები განიხილავენ;

- ხშირია შემთხვევები, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არასაკმარისი მტკიცებულებები გახდა ანდა სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი გარანტიების უგულებელყოფით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG