Accessibility links

როგორი პარლამენტი გვექნებოდა, 2016 წლის არჩევნებიც "ახალი სისტემით" რომ ჩატარებულიყო


მაჟორიტარული ოლქების შემცირება და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობის გაზრდა ოპოზიციას მომგებიან პოზიციაში აყენებს. საილუსტრაციოდ 2016 წლის არჩევნებში მიღებული ხმების "ახალი წესით" გადანაწილების სიმულაციაც საკმარისია. ახალი სისტემით მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდება, შესაბამისად, 77-დან 120-მდე იზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა.

2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იმ სისტემით რომ ჩატარებულიყო, რაზეც ახლა ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა. წინა საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ პარლამენტში 115 დეპუტატის შეყვანა შეძლო, ახალი სისტემით კი მაქსიმუმ 89 მანდატი ექნებოდა, ანუ ოპოზიციას 35-ის ნაცვლად 61 დეპუტატი ეყოლებოდა.

2016 წელს ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე მიღებული ხმების 48,68 პროცენტით პარლამენტში მანდატების 76 პროცენტი მოიპოვა (პროპორციული — 44, მაჟორიტარული — 71). მაშინ მმართველმა პარტიამ მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში წააგო, ერთში კი კანდიდატი არ დააყენა.

2020 წელს, წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, პარლამენტში უფრო მეტ ოპოზიციურ პარტიას აქვს მოხვედრის საშუალება. პარლამენტში მოხვედრის ბარიერი 5 პროცენტიდან 1-მდე მცირდება. 2016 წელს მიღებული ხმების რაოდენობით და "ახალი სისტემით" პარლამენტში 3-ის ნაცვლად 8 პარტია მოხვდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG