Accessibility links

logo-print logo-print

იუსტიციის საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს წარადგენს


საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს წარადგენს. საბჭო გასვლით სხდომას უზენაეს სასამართლოში გამართავს. სხდომა 16 საათზე დაიწყება.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით, „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება.

კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას მიიღებს. თუ საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან არაუადრეს 2 კვირისა კანდიდატების დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა ნინო გვენეტაძემ, რომელმაც ოფიციალურ მიზეზად დაასახელა საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG