Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ დააკავა 4 პირი, რომლებიც ელექტრონული ანგარიშებიდან სხვადასხვა ხერხით ფულს იპარავდნენ


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.

სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ორი პირი - ე.ვ. და დ.ჭ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. მათ 2 მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათები. მათ მიერ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული თანხა 20 000 ლარია.

ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით არიან დაკავებულები 1999 წელს დაბადებული გ.ბ და 1996 წელს დაბადებული რ.კ. დაკავებულები დანაშაულის გზით ჯამში 22 000 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს თანახმად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვა შესაძლო დაზარალებული პირების გამოკვეთა-დადგენის მიზნით.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG