Accessibility links

logo-print logo-print

ნათია თურნავა: ვმუშაობთ, ტურიზმის სექტორს შევთავაზოთ ეფექტური ანტიკრიზისული გეგმა


ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ შემუშავდება ანტიკრიზისული გეგმა ტურიზმის სექტორისთვის და დაისახება პერსპექტივები საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შესანარჩუნებლად. მისი განმარტებით, სწორედ ამ ორი მიმართულების შესახებ წარიმართა მსჯელობა ეკონომიკური ბლოკისა და საბანკო სექტორის შეხვედრაზე.

„შეხვედრას ჰქონდა ორი მიზანი, ერთი ის, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ დაშევთავაზოთ უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც იქნება ეფექტური და ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანები ვართ, ჩვენი მოკავშირეა საბანკო სექტორი; მეორე ამოცანა იყო ის, რომ ერთმანეთისთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა, პერსპექტივები, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თანახმად, ტურიზმის სფეროში შექმნილი კრიზისის საკითხზე ანალოგიური შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთანაც. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სფეროში შექმნილი კრიზისის დასაძლევად მწყობრი ხედვა და გეგმა ექნება.

საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, შეთანხმება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა. შეხვედრაზე, რომელიც 10 მარტს გაიმართა, გადაწყდა, შეიქმნას სამუშაო მექანიზმი, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადდა სულ 23 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG