Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შედარებით მძიმე პნევმონიით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა


საქართველოში კორონავირუსით COVID-19 დაავადებულ ერთ-ერთ პაციენტს, რომლის მდგომარეობა ყველაზე რთული იყო, 12 მარტის დილის მდგომარეობით, უკვე საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 21 პაციენტიდან პნევმონია სულ 5-ს აქვს. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხუთიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომლის დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობდა, დღეს დასტაბილურდა და მისი პნევმონია უკვე საშუალო სიმძიმისაა. „დანარჩენი ოთხი მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული და რჩება ჯერჯერობით. პროგრესირება დღეს დილის მონაცემებითაც არ შეინიშნება“.

არ შეცვლილა და დამაკმაყოფილებელია კორონავირუსით დაავადებული ბავშვის მდგომარეობაც.

12 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა. სამი ინფიცირებული საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან და 2020 წლის 12 მარტის დილის მდგომარეობით მოიცვა მსოფლიოს 123 ქვეყანა.

12 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დაავადდა 126 380 ადამიანი. გარდაიცვალა 4634. გამოჯანმრთელდა 68313.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG