Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა COVID-19-ის პრევენციაზე: ვერ ვაწვდით ჯანდაცვის სერვისებს ოკუპირებულ რეგიონებს


საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო, საქართველოს მთავრობა მოკლებულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას - ამის თაობაზე აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ჩამოთვლილია ის ღონისძიებები, რომლებსაც მთავრობა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ატარებს.

განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მუშაობს ამ საკითხის გადასაჭრელად:

„მთავრობა ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის საჭირო დიაგნოსტირების თუ მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ოკუპირებული სამხერთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭომ, საქართველოსთან „საზღვარი“ 27 თებერვალს ჩაკეტა.

თავის მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ვალერი ბგანბას 11 მარტის განკარგულებით, შესაბამის ორგანოებს დაევალათ, მიიღონ ზომები 14 მარტიდან, მდინარე ენგურზე „სახელმწიფო საზღვრის“ დასაკეტად.

საქართველოში 12 მარტის 17 საათის მონაცემებით ახალი კორონავირუსით 25 ადამიანია დაავადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG