Accessibility links

site logo site logo

პუტინი აცხადებს, რომ ხოდორკოვსკის კომპანია გარეული იყო „თაღლითობასა“ და „მკვლელობებში“


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაამართლა ყოფილი ნავთობმაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება 2003 წელს. სააგენტო „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში, პუტინმა ხოდორკოვსკის უწოდა „გაიძვერა“ და აღნიშნა, რომ „იუკოსი“ გარეული იყო„თაღლითურ ოპერაციებსა“ და „მკვლელობებში“.

„მისი პირადი მონაწილეობა ორგანიზებულ მკვლელობებში არ არის დადასტურებული, მაგრამ მკვლელობები მოხდა. ეს დამტკიცებულია. დამტკიცებულია მისი უკანონო საქმიანობის სხვა ფაქტები, რისთვისაც მან შესაბამისი სასჯელი მიიღო“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის ლიდერის ამ განცხადების ფონის ნიდერლანდის სააპელაციო სასამართლოს ერთი თვის წინანდელი დადგენილება, რომელმაც კვლავ აღადგინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულება, 50 მილიარდი დოლარი საკომპენსაციო თანხა გადაუხადოს რუსეთის ყოფილი ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქციონერებს.

საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვმა 2003 წელს ხელში ჩაიგდო „იუკოსი“ კომპანიისთვის უზარმაზარი გადასახადების დაწესებით. ამავე დროს, პოლიტიკურ არენას ჩამოაშორეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი, „იუკოსის“ ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი.

ხოდორკოვსკი 2003 წელს დააპატიმრეს. მან ათი წელი გაატარა ციხეში. მას მერე, რაც პუტინმა შეიწყალა, ხოდორკოვსკიმ რუსეთი დატოვა.

პუტინის ინტერვიუს და მის „გაიძვერად“ მოხსენიებას ტვიტერით გამოეხმაურა ხოდორკოვსკი, რომელმაც ირონიულად განაცხადა, რომ ამ ასპარეზობაში წინასწარ უთმობს გამარჯვებულის პალმას ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს... "შეუძლებელია უფრო დიდი გაიძვერობა, რაც მან კონსტიტუციას დამართა თავისი ვადების გამო“, -წერს ხოდორკოვსკი.

ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს სახელმწიფო დუმის სხდომაზე მხარი დაუჭირა „ედინაია როსიას“ დეპუტატ, ვალენტინა ტერეშკოვას, ინიციატივას, რომლითაც სხვა შესწორებებთან ერთად რუსეთის კონსტიტუციაში შეიტანეს პუნქტი პრეზიდენტ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების „განულების“ თაობაზე.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს სახელმწიფო სათათბიროს ორთავე პალატამ დაუჭირა მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG