Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიასა და ესპანეთში სწრაფად იზრდება COVID-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი


იტალიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების შემთხვევათა მონაცემები.

ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების 2651 ახალი შემთხვევა (ეს სარეკორდო მაჩვენებელია ეპიდემიის დაწყებიდან) და 188 გარდაცვალება. ამგვარად, იტალიაში ეპიდემიის მთელი ხნის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა (1016 სიკვდილი). დღეისთვის ქვეყანაში გამოვლენილია დაავადების 15 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1258.

ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილია ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში - ლომბარდიაში, საიდანაც იტალიაში დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო ვირუსმა გავრცელება.

იტალიის სამხრეთსა და კუნძულებზე დაავადებულთა რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია, მაგრამ ისინი ქვეყნის ყველა რეგიონში არიან.

ქვეყანაში მოქმედებს ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის მკაცრი ზომები. ევროპის რიგმა სახელმწიფომ შეზღუდა იტალიასთან მიმოსვლა.

ინფექციური დაავადება COVID-19, რომელიც ახალი კორონავირუსითაა გამოწვეული, სწრაფად ვრცელდება ესპანეთში. ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა 782 დაავადებული, გარდაიცვალა 31. მთლიანობაში სამი ათასზე მეტი დაავადებულით ესპანეთი ევროკავშირში მეორე ადგილზეა იტალიის შემდეგ.

გერმანიაში გამოვლენილია 536 შემთხვევა, საფრანგეთში აღრიცხულია დაავადების 2300-მდე შემთხვევა და 48 სიკვდილი.

მთლიანობაში 12 მარტს მსოფლიოში აღირიცხა კორონავირუსით დაავადების თითქმის 7 ათასი ახალი შემთხვევა და 332 სიკვდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG