Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება მაქსიმალურად შეიზღუდება


კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენვიის მიზნით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი ღონისძიებების შესახებ იმსჯელა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებს მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობისა და სერვისების ელექტრონული მიწოდების რეჟიმზე.

საბჭოს რეკომენდაციით, სერვისის მიმწოდებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფართოვდება იმ კერძო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

საბჭოს ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, ამ თემაზე შედგეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა აქტიურად დაინერგოს დისტანციური სერვისები კერძო დაწესებულებებში და მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეთა პირდაპირი კონტაქტი.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, რის შემდეგაც დამრღვევი მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. პრემიერ-მინისტრ გახარიას დავალებით, საპატრულო პოლიცია ამ კუთხით მკაცრ კონტროლს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში კი, მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები.

13 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 25 ადამიანი. შედარებით რთული სიმპტომები აქვს 2-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG