Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის ნორმები დაიცვას


საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, ვინაიდან ფულის ნიშნებს ბაქტერიისა და ვირუსის გადატანა შეუძლია, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები:

  • ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
  • ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).
  • შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.
  • შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
  • კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებით ხორციელდება ისეთი სახის საკარანტინო ზომები, როგორებიცაა:

  • მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.
  • საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით - www.moneymuseum.nbg.gov.ge
  • 2020 წლის 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები საკასო ცენტრში.
  • დღეიდან 1 აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში.

საქართველოს ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დადასტურებულად 25 ადამიანია დაინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG