Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კოხრეიძემ აჭარის მაუწყებლიდან თეონა ბაკურიძე გაუშვა


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე არხის დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. ასე დაასრულა არხის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ თანამშრომლის მიმართ დაწყებული საქმის მოკვლევა. გადაწყვეტილება, რომელსაც გათავისუფლებული თანამშრომელი აქვეყნებს, 13 მარტით თარიღდება.

"ბაკურიძე მიზანმიმართულად, შეგნებულად აიგნორებდა რედაქტორის მითითებებს, ქმნიდა დაძაბულობას და კონფლიქტურ სიტუაციას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა საიფორმაციო სამსახურის გამართულ მუშაობას", - წერს კოხრეიძე გადაწყვეტილებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ის ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა არხის პროდიუსერსა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელზე.

ბოლო რამდენიმე თვეა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძეა. მის დანიშვნაში მაუწყებლის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხედავენ. კოხრეიძემ დანიშვნიდან რამდენიმე დღეში თავის მოადგილე ნათია ზოიძეს, რომელსაც კონტრაქტით სარედაქციო პოლიტიკის წარმართვა ევალებოდა, ხელშეკრულების პირობები შეუცვალა. ამ მიზეზით მან არხი დატოვა.

გარდა ამისა, არხის დირექტორის ინიციატივით გაუქმდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი და ამ თანამდებობაზე დასაქმებულ მაია მერკვილაძე სხვა ადგილი შესთავაზეს. აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები ამით არ დასრულებულა. კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო და მალევე თანამდებობიდან გადააყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG