Accessibility links

logo-print logo-print

რუსთავის მერია მოხალისეობრივ აქციას იწყებს


რუსთავის მერია

რუსთავში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი მერია მოხალისეთა ჯგუფებს ქმნის.

რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის“ დირექტორმა, გეგი ლიპარტელიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოხალისეები თავდაპირველად დაეხმარებიან მარტოხელა მოხუცებს.

„ჩვენი სამსახურის მიერ მობილიზებული მოხალისეები, რომელთაც ონლაინაპლიკაციის მიხედვით შევარჩევთ, მოემსახურებიან მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც, მაგალითისთვის, სარგებლობენ უფასო სასადილოებით და შექმნილი სიტუაციის გამო ვერ ახერხებენ სასადილოებში მისვლას. მოხალისეები მათ საკვებს და საჭირო მედიკამენტებს მიუტანენ სახლში“, თქვა გეგი ლიპარტელიანმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცით, რუსთავში ოთხივე უფასო სასადილოში კვება აიკრძალა. ბენეფიციარებზე, რომელთა რაოდენობა რუსთავში 1900-ია, საკვები პროდუქტები მხოლოდ ადგილზე გაიცემა.

გეგი ლიპარტელიანმა თქვა, რომ საჭიროების მქონე 10 ადამიანს ერთ მოხალისეს მიამაგრებენ.

,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის“ ინიციატივით. სოციალურ ქსელში უკვე შექმნილია პლატფორმა, სახელწოდებით covid stopper. დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

14 მარტს ადგილობრივი მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოხალისეთა ერთი ჯგუფი უკვე შეიქმნა.

„პირველი ოცკაციანი ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა და რომელიც უკვე გადის საჭირო კონსულტაციებს, აღჭურვილი იქნება სპეციალური ეკიპირებით და ტრანსპორტით, რისთვისაც თანხა რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდანაა გამოყოფილი. აღნიშნული ჯგუფი მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში გაჩენილი საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება“, წერია მერიის განცხადებაში.

რუსთავი დაყოფილია 10 ტერიტორიულ ერთეულად. ეს ჯგუფიც სწორედ ამ პრინციპით დაიყოფა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG