Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანი: მობილიზებულია ყველა საელჩო და საკონსულო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა საელჩოსა და საკონსულოს ზუსტი ინსტრუქცია აქვს მიცემული თუ რა მომსახურება უნდა გაუწიონ მათ ევროპის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, რაც მისცემს მათ სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტით ქვეყნების დატოვების საშუალებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, გარდა კომპანია “თურქეთის ავიახაზების” მიერ შეთავაზებული ალტერნატიული მარშრუტების ან ბილეთის საფასურის ანაზღაურების შესაძლებლობისა, „აუცილებელია საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულები იმ პირდაპირი ფრენების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა ავიაკომპანიები ჯერ კიდევ ახორციელებენ“.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მუშაობენ ქართულ კომპანიებთან, იმისთვის, რომ მოინახოს სხვა ევროპული დედაქალაქებიდან პირდაპირი ფრენების ამოქმედების დამატებითი გზები.

„სწორედ ამ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც 24 საათიანია და ყველა საელჩო და კონსული არის ვალდებული, რომ იმუშაოს ამ რეჟიმით და მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია: +995 32 294 5050. უწყება მიმართავს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ ცხელი ხაზის ამ ნომრით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG