Accessibility links

logo-print logo-print

ენგურის ხიდზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომელთა ნაწილისთვის


ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კიდევ უფრო გაამკაცრა. სოხუმმა 11 მარტს გაკეთებული განცხადება სისრულეში დღეს, 15 მარტს მოიყვანა და ენგურის ხიდი ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტა, გარდა „ენგურჰესის“ თანამშრომელთა ნაწილისა. საუბარია იმ პერსონალზე, რომლებზეც ჰესის მუშაობაა დამოკიდებული და მათი ადგილზე ყოფნა აუცილებელია.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე დღეს ჰესის რამდენიმე თანამშრომელი გაატარეს „მესაზღვრეებმა“. მათი თქმით, ე.წ. გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც დანარჩენ საქართველოში წამოსვლის სურვილი ჰქონდა, თუმცა არ გაატარეს.

ენგურჰესის თანამშრომლები
ენგურჰესის თანამშრომლები

სოხუმის მიერ დაწესებული აკრძალვა შეეხო სხვადასხვა დაავადების მქონე პირებს. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში ჩასვლა თითქმის ყოველდღე უწევთ ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისის მისაღებად. მათ ვისაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება კვირაში რამდენჯერმე სჭირდება, მათ შორის, საუბარია დიალიზის პროგრამაში ჩართულებზე, შეზღუდვების მოხსნამდე ზუგდიდში დარჩენა უწევთ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობისთვის ე.წ. საზღვარი უკვე ორ კვირაზე მეტია დაკეტილია. 15 მარტამდე საზღვარზე ატარებდნენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის მქონეებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ე.წ. განკარგულებით, 14 მარტის 20 საათიდან იკეტება „აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“.

მიზეზად დასახელებულია საქართველოში კორონავირუსით COVID-19 დაავადებულთა რიცხვის გაზრდა. ბგანბას „განკარგულებით“ აფხაზეთიდან გასვლის და აფხაზეთში შესვლის აკრძალვა არ ეხებათ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ე.წ. განკარგულება გამოსცა 26 თებერვალსაც, როცა საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა ახალი სახეობის კორონავირუსის პირველი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG