Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა


რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 13 მარტს სასწრაფო წესით დანიშნულ სხდომაზე დაიწყო განხილვა საკონსტიტუციო შესწორებებისა, რომლებიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს, პრეზიდენტად კენჭი 2024 წელსაც იყაროს.

სასამართლოში განხილვის დაწყებას წინ უსწრებდა 67 წლის პუტინის მიერ საკონსტიტუციო შესწორებების პაკეტის ხელმოწერა იმავე დღეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.

პუტინის მიერ შესწორებების ხელმოწერის შესახებ გამოცხადდა სახელმწიფო ვებსაიტზე. მანამდე იუწყებოდნენ, რომ შესწორებებს მხარი დაუჭირა რუსეთის ყველა რეგიონულმა პარლამენტმა. ცვლილებებს აპრილში მოქალაქეებს წარუდგენენ კენჭისყრაზე.

იანვარში პუტინი გამოვიდა რუსეთის პოლიტიკური და საკონსტიტუციო სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილების წინადადებით, რომელსაც კრემლი აღწერდა ძალაუფლების გადაწილებად პრეზიდენტისგან პარლამენტზე. თუმცა მიმდინარე კვირაში პუტინმა, რომელიც ორი ათწლეულია რუსეთის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზეა, მხარი დაუჭირა ახალ შესწორებას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უგულებელყოს კონსტიტუციაში ამჟამად გათვალისწინებული აკრძალვა 2024 წელს მისი მხრიდან პრეზიდენტად კენჭისყრაზე.

კრემლი აღნიშნავს, რომ პუტინს არ უთქვამს, იყრის თუ არა კენჭს 2024 წელსაც. საკონსტიტუციო ცვლილებები ახლა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეისწავლოს, შემდეგ ცვლილებებს მოქალაქეებს წარუდგენენ მხარდასაჭერად.

სხვა საკონსტიტუციო შესწორებები აძლიერებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ხაზს უსვამს რუსეთის კანონების უზენაესობას საერთაშორისო ნორმებზე. ცვლილებები ასევე კრძალავს ქორწინებას ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის და „ღმერთის რწმენას“ მოიხსენიებს რუსეთის ერთ-ერთ ტრადიციულ ღირებულებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG