Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანეს იძულებით კარანტინში


ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 13 ახალი ფაქტის გამოვლენის შესახებ იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველა მოქალაქე, რომელმაც შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. მათი განცხადებით, სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, 54 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG