Accessibility links

logo-print logo-print

თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანა იმყოფება ზღვარზე კორონავირუსის შეკავებასა და გავრცელებას შორის


თენგიზ ცერცვაძე

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ, მისი აზრით, ახალი კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ დაწყებულა. მისი შეფასებით, ახლა ქვეყანა იმყოფება ზღვარზე, ვირუსის შეკავებასა და გავრცელებას შორის.

მე ჯერ ასეთი ავადმყოფი არა მყავს, რომელსაც ეთქვას, არ ვიცი საიდან, ვისგან დავინფიცირდიო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ცერცვაძემ. მისი შეფასებით, ეპიდკონტაქტების დადგენა აქამდე ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იყო.

„დაკარგული არ არის კვალი, ზოგი თვლის, რომ არის, მე ვთვლი, რომ არ არის. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბოლო კონტაქტებმა იციან, ვისგან დასნებოვნდნენ და დაკარგვის ზღვარზეა უკვე. მეოთხეულ კონტაქტებზე არის ეჭვი იმიტომ, რომ არის ერთი-ორი, მაგრამ ჯერ ცოტა...

ბოლო შემთხვევა, ორი ვინც იყო და ვინც მე ვიცი, იმათ იცოდნენ თავიანთი კონტაქტები, მაგრამ უკვე ზღვარზე იყო“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ახალი კორონავირუსის შეკავების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის, პრევენციული, წინმსწრები ნაბიჯი იყო.

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის. ამის შესახებ მან 17 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს გადასვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ მხრივ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემით. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მისაღებად“, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული 34 შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG