Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველი: პანდემია გარკვეული უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს


საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოქალაქეებს კორონავირუსის მომეტებული საფრთხის გამკლავების სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით განმარტებებს აძლევს. აპარატი პრევენციისა და გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებს აკვირდება.

"ამ დრომდე მოქალაქეებს არ მოუმართავთ განცხადებით აპარატისთვის მათი უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე. თუმცა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის გარშემო", - განმარტავს ომბუდსმენი.

მისი თქმით, პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რა დროსაც გარკვეული უფლებების შეზღუდვა გათვალისწინებულია.

"ამ დროს გადაწყვეტილებები მიიღება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ და მისი მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნების უზრუნველყოფა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ დროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს, მოქალაქეს მოსთხოვოს სამედიცინო შემოწმების გავლა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადამდები დაავადების მატარებელია და საფრთხე შეიძლება შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

"პანდემიის დროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს, განახორციელოს საკარანტინო სივრცეებში (დაავადების დადასტურებამდე) პირთა მოთავსება ან მათი იზოლაცია (დაავადების დადასტურებისას)", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

მისივე განმარტებით, საკარანტინო ღონისძიებები სავალდებულოა, პირობების დარღვევაზე რეაგირება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია.

"მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად და ზედმიწევნით დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მითითებები და მოწოდებები, რათა საფრთხე არ შეექმნას სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოწყვლადი კატეგორიები, რომელთათვისაც ვირუსს შეიძლება მომეტებულად უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს. ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად დაიცვან ადამიანის უფლებები პანდემიის პრევენციისა და მისი გავრცელების აღკვეთის პროცესში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს. გარდა ამისა, 1 008 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, 64 კი - სტაციონარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG