Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის საკითხზე რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართეს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები კოლექტიურად მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესების შესახებ და თქვენი მანდატის ფარგლებში რეაგირებასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას გთხოვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 2019 წლის გაზაფხულიდან მაუწყებელში განვითარებული მოვლენების დინამიკა და კონტექსტი, მათ შორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი, გიორგი კოხრეიძის არჩევის პრობლემური წესი და პროცედურა, შემდგომ კი მის მიერ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვისაკენ გადადგმული ცვლილებები აჩვენებს, რომ ხელისუფლება მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და მისი მიზანი ტელევიზიის დამოუკიდებლობისა და კრიტიკულობის შესუსტებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებისა და საერთო მედიაკონტექსტის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ:

  • დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური, სარედაქციო და შრომითი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული პროცესებით და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ყველა რელევანტურ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფორმატებში დააყენონ აჭარის მაუწყებლის საკითხი.
  • თავიანთი მანდატის ფარგლებში მიიღონ შესაბამისი ზომები (საჯარო გამოხმაურება, მიმართვა მთავრობასთან და ა.შ.) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესაჩერებლად.

საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას ხელს საქართველოში მომუშავე 38 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აწერს.

XS
SM
MD
LG