Accessibility links

logo-print logo-print

გახარიას თქმით, შეიქმნა კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს


ინფექციურ საავადმყოფოში მედპერსონალს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, - ინფორმციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გიორგი გახარიამ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელსაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. პრემიერის განცხადებით, სწორედ, თენგიზ ცერცვაძე იქნება პასუხისმგებელი მკურნალობის პროცესის წარმართვაზე.

„მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს. კარგად ვიცით პრობლემებიც, შენობიდან დაწყებული, სხვა მიმდინარე თემებიც, რომლებსაც სწრაფად მოვაგვარებთ“, - მიმართა გიორგი გახარიამ სამდიცინო პერსონალს.

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ეფექტიანი.

„საპასუხო ზომები იყო საკმარისი და ეფექტური, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებდნენ. როგორც კი დაიწყო შემთხვევების მატება ჩვენთან. ბევრი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა არის საქართველოზე გაცილებით უარეს პირობებში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში. მოდი ასე დავარქვათ - პირდაპირი სამთავრობო მმართველობა. მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

18 მარტის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG