Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტი WHO-ს მადლობას უხდის ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის დახმარებისთვის


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მადლობას უხდის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ოკუპირებულ აფხაზეთში დელეგაციის გაგზავნისა და ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების ჩატანისთვის.

„დიდ მადლობას ვუხდი გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისთვის და მოსახლეობისთვის COVID-19-ის წინააღმდეგ პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატანისთვის. ამ საერთო გაჭირვების ჟამს ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩავიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეიესუსს შორის სატელეფონო საუბარი 13 მარტს შედგა.
საუბარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 43 ადამიანია დაავადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG