Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სები: საფინანსო სერვისები არ შეიზღუდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაშიც


საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების პირობებში საფინანსო სექტორი კლიენტებს სრულად აწვდის მომსახურებას და ეს სერვისები არ შეიზღუდება იმ შემთხვევაშიც, თუკი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება:

„საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები.

ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს. მათ შორის, გვაქვს კარგად განვითარებული დისტანციური მომსახურების სერვისები“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენონ ინტერნეტგადახდის სერვისები. ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სავალუტო ჯიხურებს კი ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად შეზღუდონ სერვისცენტრებში მომსახურე პერსონალსა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი და რიგების გარეშე უზრუნველყონ მომსახურების განხორციელება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით 20 მარტიდან მუშაობა შეწყვიტა ყველა დიდმა სავაჭრო ობიექტმა. მუშაობას განაგრძობენ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 43 ადამიანია დაინფიცირებული.

XS
SM
MD
LG