Accessibility links

სოზარ სუბარი: ვინც მარნეულში არ ცხოვრობს, მაგრამ იქ ჩარჩა, ორი კვირა მოუწევს დარჩენა


მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ორი კვირის განმავლობაში ვერავინ დატოვებს. ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა.

"ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში. მათი გადაყვანა არსად არ მოხდება. ამისთვის არის დაკონტრაქტებული რამდენიმე სასტუმრო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება", - თქვა მან.

მისი თქმით, ადამიანები მუნიციპალიტეტების ტერიტორიას დატოვებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სუბარმა თქვა ისიც, რომ ახლა მარნეულში დაკეტილია ყველა ობიექტი, პურის საცხობის, სასურსათო მაღაზიისა და ბანკის გარდა. აკრძალულია იმ მიკროავტობუსებისა და მანქანების მოძრაობა, რომელშიც ორ ადამიანზე მეტი იჯდება.

"შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები და თითო ექიმი ყველა ჯგუფში. ესენი არიან განკუთვნილი იმისათვის, რომ უნდა შეამოწმონ თითოეული ადამიანი, თითოეულ ოჯახში უნდა შევიდნენ. თავდაპირველად დაიწყებენ იმ სოფლების თუ იმ უბნების შემოწმებას, სადაც ჩვენთვის წინასწარ ცნობილი ინფორმაციით ყველაზე მეტი შეიძლება იყოს საფრთხე, ანუ სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და სადაც ჰქონდათ კონტაქტი, ხოლო შემდეგ გადავლენ მთელ დანარჩენ მოსახლეობაზე", - თქვა სუბარმა.

კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა გადაცემის წყარო ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG