Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: მარნეულში ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი თითქმის ყველა პირი დადგენილია


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დადგენილია და იზოლაციაში იმყოფება 90-ზე მეტი პირი, რომლებსაც პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით COVID-19 მარნეულში ინფიცირებულ ქალთან.

"მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვს, რა თქმა უნდა, ჩაუტარდებათ გამოკვლევა", - განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

23 მარტის 13:00 საათის მონაცემებით, ტესტირება ჩატარებული ჰქონდა სამ პირს და არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მარნეულში დაინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელიც ადგილობრივი საავადმყოფოდან თბილისის საინივერსიტეტო კლინიკაში 22 მარტს გადაიყვანეს, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მას რამდენიმე თანმდევი დაავადება აქვს.

ამ პაციენტის დაინფიცირების წყარო ეპიდემიოლოგებმა ჯერ ვერ დაადგინეს. ცნობილია, რომ მარნეულელი ქალი რამდენიმე ათეულ პირთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე. ეს ფაქტი შიდა გავრცელებად ჩაითვალა და მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

23 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 54 შემთხვევა. მათგან 8 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG