Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 კვირის გრაფიკი: როდის შეძლებენ ევროპაში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას


საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეტაპობრივად დააბრუნებენ სამშობლოში. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კვირის განმავლობაში ორი რეისი შედგება. უკვე დაგეგმილი გრაფიკი ასეთია:

  • 23 მარტი - საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებენ ბერლინიდან, სადაც ადამიანებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან მოუყარეს თავი;
  • 24 მარტი - ბერძნული ავიახაზები “ეგეოსი” ჩამოიყვანს საქართველოს მოქალაქეებს და წაიყვანს საბერძნეთის მოქალაქეებს;
  • 26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისი;
  • 31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
  • 3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი;
  • 7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი;
  • 10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

ავიაბილეთის ფასი, საქართველოს პრემიერმინისტრის მითითებით, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა. ზალკალიანი განმარტავს, რომ აუცილებელია, მოქალაქეები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვიდნენ, რათა დაცული იყოს “ზუსტი თანაფარდობა არსებულ [საკარანტინო] სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის”.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გასული თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს 3 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, სპეციალური რეისებით ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და ა.შ.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მკაცრად შეზღუდა მოქალაქეების გადაადგილება და საზღვრები ღია დატოვა მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებისთვის.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევა დადასტურდა. სრულად განიკურნა 8 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG