Accessibility links

უცნობია, კიდევ რომელი ქვეყნებიდან მოხერხდება საქართველოს მოქალაქეთა სპეცრეისებით დაბრუნება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ აქვს პასუხი, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩარტერული ავიარეისებით საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც, მაგალითად, იტალია და ესპანეთია. ამ ქვეყნებში კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მთავრობა „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად მუშაობს მომდევნო დღეების და კვირების გრაფიკზე

„შესაძლებლობის ფარგლებში და გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია არ არის მარტივი, თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად არის სამუშაო იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ დაწესებული, მოხდეს დაორგანიზება შესაბამისი ჩარტერული, სპეციალური რეისების“, - განაცხადა ზალკალიანმა დღეს, 25 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფნგზე.

მინისტრის ინფორმაციით, რეისების მომდევნო გრაფიკი საზოგადოებას ეცნობება.

რაც შეეხება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ნაწილის ჩივილს, რომ საელჩოებს და საკონსულოებს ვერ უკავშირდებიან, დავით ზალკალიანის თქმით, ყველა ვებსაიტი და ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმშია და თუ გადატვირთულობის გამო, რომელიმე საელჩოს ან საკონსულოს ხაზი მოქალაქეებს ვერ აძლევს შესაბამის განმარტებას და პასუხს, მათ შეუძლიათ დარეკონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქოლცენტრში.

ამ დროისთვის ბოლო სპეციალური, ჩარტერული რეისები 23 და 24 მარტს შესრულდა ბერლინიდან და ათენიდან და საქართველოში დაბრუნდა 300 მოქალაქე.

მომდევნო განრიგი ასეთია:

26 მარტს შესრულდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი;

31 მარტს თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი;

7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისი;

10 აპრილს ლარნაკა-თბილისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG