Accessibility links

კორონავირუსი ზედაპირებზე - უნდა გვეშინოდეს თუ არა


ახალი კორონავირუსის შესახებ ჯერაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ერთ-ერთი მნიშნელოვანი ასეთი შეკითხვა მისი გავრცელების გზებს შეეხება. ვიცით, რომ ამ კორონავირუსის გადაცემა ძირითადად დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით ხდება. აქ მნიშვნელოვანი სიტყვაა „ძირითადად“ – COVID-19-ს გამრავლების სხვა საშუალებებიც აქვს.

დღეს ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადების წყარო ახალი კორონავირუსით დაბინძურებული ზედაპირი შეიძლება გახდეს. დაავადებათა კონტროლის აშშ-ის ცენტრის ცნობით ამის შანსი არსებობს, თუ ადამიანი ვირუსიან ზედაპირს შეეხება და შემდეგ ამ ხელს პირთან, თვალთან ან ცხვირთან მიიტანს. მართალია, იქვე აღნიშნულია, რომ ეს, სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელების ძირითად გზას არ წარმოადგენს, მაგრამ არც ისაა ახსნილი, თუ ზუსტად რა როლი უჭირავს ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებს ამ დაავადების გავრცელებაში.

ეს იმიტომ, რომ ზუსტი პასუხი ამ წუთას არავის აქვს. უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა მსოფლიოში ამ გზით - დაახლოებითაც კი არავინ იცის. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რამდენად სარისკოა ამა თუ იმ ობიექტთან შეხება. მაგალითად, მიიჩნევა, რომ მომზადებული საკვები უსაფრთხო უნდა იყოს - კულინარია ისედაც ითვალისწინებს ვირუსების განადგურებას და, ასევე, ბაქტერიისგან განსხვავებით, ვირუსი საჭმელში არ მრავლდება. ვარაუდობენ, რომ ნაღდი ფული შეიძლება ამ მხრივ უფრო სარისკო იყოს, ამიტომ სახელმწიფოები მის დეზინფექციას ახდენენ და კუპიურებს კარანტინში ათავსებენ.

თუმცა, მაინც გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, თუ რამდენ ხანს ძლებს ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირებზე. ამ ინფორმაციის წყაროა ბოლო დღეებში ჩატარებული რამდენიმე ლაბორატორიული კვლევა და დაკვირვება ისეთ ადგილებზე, სადაც ინფიცირებულთა დიდი კონცენტრაცია იყო. ასევე კვლევები, რომლებიც ადრე გავრცელებულ კორონავირუსებთან დაკავშირებით ჩატარდა.

რას ამბობს კვლევები

დაავადებათა კონტროლის ამერიკის ცენტრმა 23 მარტს გამოაქვეყნა საკრუიზო ხომალდებზე, Diamond Princess-ზე და Grand Princess-ზე ჩატარებული კვლევების შედეგები. ორივე გემზე ერთად COVID-19-ის 800-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. კვლევაში, ბევრ სხვა მონაცემთან ერთად, დასახელებულია, რომ კაბინებში ვირუსის კვალი მგზავრებისგან დაცლიდან 17 დღის შემდეგაც კი მოიძებნებოდა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ზედაპირზე რეალურად ამდენ ხანს ძლებს. კვლევაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ლაპარაკია მხოლოდ კორონავირუსის კვალზე და არა იმაზე, შეეძლო თუ არა ამ დროის გასვლის შემდეგ მას ადამიანის ინფიცირება. მეტიც, კვლევის ავტორები წერენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, გადაედო თუ არა ხომალდებზე ერთ ადამიანს მაინც დაავადება დაბინძურებული ზედაპირების მეშვეობით.

The New England Journal of Medicine-ში 17 მარტს გამოქვეყნდა კვლევა, სადაც მეცნიერები ლაბორატორიულ პირობებში სწავლობდნენ, თუ რამდენ ხანს ძლებს ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ტიპის ზედაპირებზე. კვლევის ავტორებმა სცადეს ვირუსის განსხვავებულ ობიექტებზე გადატანის რეალური სცენარების რეპლიკაცია მოეხდინათ და დაასკვნეს, რომ სპილენძზე კორონავირუსი 4 საათს ცოცხლობს, მუყაოზე - 24 საათს, პლასტმასაზე და უჟანგავ ფოლადზე კი - 72 საათს. კვლევის თანახმად ამ ხნის განმავლობაში ვირუსს თეორიულად შეეძლო ადამიანის ინფიცირება, თუმცა, ბუნებრივია უცნობია, თუ რამდენად რეალური იყო ამის შანსი.

თებერვალში კი The Journal of Hospital Infection-მა გამოაქვეყნა ადრე გავრცელებულ კორონავირუსებთან დაკავშირებული ათობით კვლევის ანალიზი. მასში ნათქვამია, რომ თუ ახალი კორონავირუსი მისი მონათესავე კორონავირუსების - SARS-ის და MERS-ის მსგავსია (მეცნიერები კი ვარაუდობენ, რომ სწორედ ასეა) - მაშინ ის მეტალის, შუშის და პლასტმასის ზედაპირზე 9 დღემდე გაძლებს.

რა არ ვიცით

პირველ რიგში, ლაბორატორიულ პირობებში შეუძლებელია ყველა მნიშვნელოვანი ცვლადის გათვალისწინება. დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობას, რამაც შესაძლოა სრულიად შეცვალოს ვირუსის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

მსგავსი კვლევები მცდარი არ არის, მაგრამ მათი გავრცობა ლაბორატორიის გარეთ შეუძლებელიაო - უთხრა გერმანიის საზოგადოებრივი რადიოს პოდკასტს ამ ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა კორონავირუსების დარგში, დოქტორმა კრისტიან დროსტენმა. მისი შეფასებით, მართალია, ტექნიკურად ვირუსი ზოგიერთ ზედაპირზე მართლაც დიდხანს ძლებს, მაგრამ რეალურად, უმეტეს შემთხვევებში, რვა საათის შემდეგ მას ძალა ალბათ დაკარგული ექნება და ინფიცირებას მხოლოდ ასევე ლაბორატორიულ პირობებში შეძლებს.

მისივე შეფასებით, მსგავსი კვლევების არასწორმა გაგებამ შეიძლება ცუდი შედეგი გამოიწვიოს - ადამიანებმა დაკარგონ ფოკუსი და ყურადღება გადაიტანონ რეალური საფრთხიდან. კრისტიან დორსტენი ამბობს, რომ, მართალია, მაგალითად, კარის სახელურიც შეიძლება საშიში აღმოჩნდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მხრივ ინფიცირების რისკი მაინც ბევრად მცირეა. პრიორიტეტი მაინც უნდა მიენიჭოს სიფრთხილეს სხვა ადამიანებთან უშუალო კონტაქტისას.

თუმცა, უფრო პესიმისტური შეფასებებიც არსებობს. ამერიკელი მიკრობიოლოგი, დოქტორი სანჯეი მაგირვარი, მაგალითად, ვარაუდობს, რომ მსგავსი ტიპის ვირუსი შეიძლება 10 დღის განმავლობაშიც კი დარჩეს აქტიურ მდგომარეობაში და ყველას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

რა უნდა გავაკეთოთ

საბოლოო, არაორაზროვანი პასუხის არქონის პირობებში, ექსპერტების უმეტესობა, უცხოეთშიც და საქართველოშიც, გვირჩევს, რომ ზომიერი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ხშირად გამოყენებული ზედაპირები დროდადრო სადეზინფექციო საშუალებით უნდა გაიწმინდოს.

სახლში გარედან შეტანილი ნივთები უნდა გასუფთავდეს. თუმცა, ყველაფრის სადეზინფექციო ხსნარებით ან, თუნდაც, საპნით დამუშავება აუცილებელი ალბათ არ არის - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კამკამიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, უმეტეს შემთხვევებში საკმარისია გარედან შემოტანილი პროდუქტების გამდინარე წყლით გარეცხვაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG