Accessibility links

მარნეულში კორონავირუსზე სწრაფ ტესტირებას დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე


მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობის კორონავირუსზე შემოწმება სწრაფი ტესტებით დაიწყო. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩავიდა, რომელიც ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო, - იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.

„დღეს, როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების, რაც იძლევა საშუალებას პასუხის ვადა შემცირდეს 6 საათიდან საათ-ნახევრამდე. აღნიშნული პირველი ეტაპისთვის მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მოკლე ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის“, - თქვა მარნეულში მყოფმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოტანილი 1000 სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლებისთვის.

როგორც მინისტრი ამბობს, მთავრობა დამატებით ტესტებს ელოდება.

„თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად, მომწოდებლისთვისაც რთული არის ამ ტესტების ერთიანად მოწოდება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მარნეულსა და ბოლნისში მყოფი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, ისინი არ საჭიროებენ დამატებით ჩარევას და გადაყვანას სხვა კლინიკაში.

„ექიმები კონტაქტზე არიან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთანაც და პაციენტთა მდგომარეობა მუდმივ რეჟიმში კონტროლდება“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები ჩინეთიდან საქართველოში 25 მარტს ჩამოიტანეს, რომელიც სიჩუანის პროვინციის მთავრობის საჩუქარია.

საჩუქრის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყიდულობს სწრაფ ტესტებს. ერთი ცალი სწრაფი ტესტის ყიდვა მას 5,5 დოლარი უჯდება. სახელმწიფომ ჩინეთში წარმოებულ ტესტებზე (Shenzhen Bioeasy Biotechnology) შეაჩერა ყურადღება და ხელშეკრულებაც გააფორმა.

დოკუმენტით, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, დგინდება, რომ საქართველოს მთავრობას 215 ათასი ე.წ. სწრაფი ტესტი, ტრანსპორტირების გარეშე, ჯამში 1 182 500 დოლარი უჯდება.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი 75 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ათი გამოჯანმრთელებულია, ავსტრიის ორი მოქალაქე კი ქვეყნიდან გაემგზავრა. კარანტინის რეჟიმში კი ქვეყანაში 4055 ადამიანი იმყოფება; სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG