Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა 15 მარტიდან 15 მაისის პერიოდში განხორციელდება


ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს ცხრა ძირითადი სასურსათო პროდუქტის საქართველოში იმპორტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება, - ამის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

სამინისტროს თანახმად, ცხრა სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით უკვე შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა”.

პროექტის პირობები და პროცედურების გასაცნობად სამინისტროს ინიციატივით სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრას 30-მდე იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ჩამოთვლილ 9 სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.

26 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 77 ადამიანი, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონაა შექმნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG