Accessibility links

ბოლნისში სწრაფი ტესტით ახალი კორონავირუსი ორსულს დაუდასტურდა


თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს 22 კვირის ორსული, რომელსაც ახალ კორონავირუსი სწრაფი ტექსტით დაუდასტურდა ბოლნისში.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თანახმად, ქალს ჩივილები არ აქვს, აღენიშნება დაბალი ტემპერატურა:

„პაციენტი მძიმე მდგომარეობაში არ არის. რამდენიმე წუთია, რაც შემოიყვანეს და ახლა გამოკითხვის და კვლევის პროცესში ვართ. ახალგაზრდა ქალია, 22 კვირის ორსულია, სწრაფი ტესტი გაუკეთდა და პასუხი დადებითია, სულ ეს ვიცი. ჩივილები არ აქვს, დაბალი ტემპერატურა - 37,2 აქვს. გუშინ რა მდგომარეობა ჰქონდა, არ ვიცი, ახლა ეს სიტუაციაა. ღრმად რომ გავერკვეთ ყველაფერში, ერთი საათი მაინც დაგვჭირდება“, - უთხრა ლალი ტურძელაძემ “ინტერპრესნიუსს“. მანამდე კი მან ტელეკომპანია „პირველთან“ კომენტარში თქვა, რომ ვინაიდან დიაგნოზი სწრაფი ტესტით დაისვა, მისი გადამოწმების მიზნით, განმეორებითი ლაბორატორიული ტესტირება მოხდება.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის დასრულების შედეგ განაცხადა, რომ ორსული 62 წლის მარნეულელი ქალის ახლო ნათესავია და მისი ინფიცირების გამოვლენაც აღნიშნული ქალის მიზნობრივი ჯგუფის შესწავლის შედეგად მოხდა.

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 79 შემთხვევა. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG