Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: "ემიგრანტების დასაბრუნებლად არავის დახმარება არ გვჭირდება"


„საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას, უფასო ჩარტერული რეისებით დააბრუნოს სამშობლოში საქართველოს ათასზე მეტი მოქალქე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, უკრაინული ავიაკომპანია SkyUp მზად არის, 31 მარტიდან შეასრულოს ოთხი რეისი შემდეგი მიმართულებებით: 31 მარტი: ვარშავა-კიევი-თბილისი; 1 აპრილი: ბერლინი-თბილისი, რომი-თბილისი; 2 აპრილი: ბარსელონა-თბილისი, თუმცა, ვაშიძის თქმით, ეს რეისები ვერ განხორციელდება საქართველოს მთავარობის შემხვედრი ნაბიჯების გარეშე:.

„ეს ყველაფერი კიევში გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხელისუფლების ჩარევის, დახმარების და პასუხისმგებლობის გარეშე ამ ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საჭიროა დერეფანი, ფრენის ნებართვა, რასაც ჩვენი ავიაციის დეპარტამენტი იოლად გააკეთებს. საჭიროა საელჩოების და საკონსულოების მობილიზება, რომ შედგეს მოლაპარაკებები ადგილობრივ მთავრობებთან, რათა მივიღოთ ფრენების, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების, სამედიცინო კონტროლის ნებართვა და შედგეს სიები. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მონაცემს მივაწვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ამ სამაშველო ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი. ან ვაკეთებთ ამ საკოორდინაციო ჯგუფს და ვამტკიცებთ, რომ ვართ ის საზოგადოება, რომელიც იმსახურებს დამოუკიდებლობას, ან არადა ამ ხანძრის დროს ჩავიკეტებით პარტიულ ბინებში, არ დაველაპარაკებით ერთმანეთს და თავზე დაგვემხობა სახურავი პარტიული კუთვნილების მიუხედავად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

XS
SM
MD
LG