Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის ცენტრში უკმაყოფილო მოქალაქეები შეიკრიბნენ


მარნეული
მარნეული

მარნეულში გამოცხადებული კარანტინის და საჯარო სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდა რამდენიმე ათეული მოქალაქე, რომლებიც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ.

მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაციით, სოფლად მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ რწმუნებულები დახმარებას უსამართლოდ ანაწილებენ. ერთ-ერთმა ქალმა მარნეულის რადიოს უთხრა, რომ სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა და მერიასთან დახმარების მისაღებად მივიდა: „ვირუსი კი არ მოგვკლავს ჩვენ, შიმშილი მოგვკლავს“.

მარნეულის მერიის თანამშრომლებმა შეკრებილი მოქალაქეების მონაცემები ჩაიწერეს და დახმარებას დაჰპირდნენ. ამასთან, სოფლების მცხოვრებთ მოუწოდეს, რომ ქალაქში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, რწმუნებულებს მიმართონ და დახმარებას ადგილზე მიიღებენ.

მარნეულის მერიასთან იმყოფებოდა ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც მუნიციპალურ ხელისუფლებას მიმართა, უზრუნველყოს მოსახლეობის სრულყოფილად ინფორმირება. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს რეხვიაშვილის სიტყვები, რომ სახელმწიფო 1000-მდე ოჯახს უკვე დაეხმარა: „ხაზგასმით ვამბობ, 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ მთლიან მოსახლეობას ეს ყველაფერი არ ეკუთვნის და, ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით“.

მარნეულის მერის მოადგილის, ლაშა ლობჟანიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში კარდაკარ არიგებენ საინფორმაციო მასალებს დაწესებული აკრძალვებისა და რეკომენდაციების შესახებ. რაც შეეხება დახმარებას, ლობჟანიძის თქმით, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აღწერენ და მერია გადაწყვეტილებას მიიღებს მოთხოვნიდან გამომდინარე.

მარნეულის მერიასთან იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, რომლებიც შეკრებილებს დისტანციის და კარანტინის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი 23 მარტიდან მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG