Accessibility links

ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში შემდეგი შეზღუდვები წესდება


საკონტროლო პუნქტი მარნეულში

აიკრძალება 3 პირზე მეტის შეკრება, თუმცა ეს არ შეეხება მაღაზიებსა და აფთიაქებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიას სიტყვებით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის გამოიცემა სპეციალური პროტოკოლი.

„იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნება ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებუილ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„ამ შეზღუდვების ეფექტური აღსრულება და, რაც მთავარია, ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფოს, მოქალაქეს და ნებისმიერი ამ ქვეყნის სოციალური ჯგუფის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი, რომელიც აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს ეკრძალებთ სახლიდან გასვლა, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

„აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აკრძალვების სრული ჩამონათვალი ასეთია:

  • ·სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.
  • · დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე.
  • მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
  • იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.
  • მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული.
  • აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
  • 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები და აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტები.
  • ·საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
  • პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.
  • ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

31 მარტის დილის 8 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება, - განაცხდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.

საქართველოში კორონავირუსი 100 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4978 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG