Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დროებით იხურება ვალუტის გადამცვლელი პუნქტები


დღეიდან, 31 მარტიდან საქართველოში დროებით წყდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა. შეზღუდვები უწესდება კიდევ ათამდე სუბიექტს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო COVID-19-ის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით.

დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა.

ამ სუბიექტებს, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, შეუძლიათ ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლებივ.

ეროვნული ბანკის განცხადებით, შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

31 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ფაქტობრივად, სრული კარანტინი და ე.წ. საკომენდანტო საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG