Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწრაფი ტესტების მისაღებად მოლაპარაკება კომპანია Cepheid-თან მიმდინარეობს


ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისთვის, რომ PCR მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, დღეს გაიმართება შეხვედრა ექსპერტების ჯგუფთან იმ კლინიკების განსასაზღვრად, სადაც ტესტებს გამოიყენებენ.

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში ასევე არის 4 ათასი ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე.

რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებთან მოლაპარაკებებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სწრაფი ტესტების მიმწოდებელი არაერთია და მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც სამხრეთ კორეასთან, ასევე ჩინეთთან.

„გვპირდებიან ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას, მოკლე ვადებში“.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ასევე კომპანია Cepheid-თან, მისი თქმით, კარტრიჯების მწარმოებელ ერთადერთ კომპანიასთან, რომელიც PCR-ს ტექნოლოგიას ემყარება და ეს კარტრიჯები გამოყენება მრავალი ინფექციური დაავადებისთვის.

„Cepheid-ის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი სარწმუნოობის სწრაფად შესრულებად ტესტირებაზე. ამდენად, ის მოლაპარაკება რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს Cepheid-ის სათაო ოფისთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით და დროულად დასრულდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, დასახელებული კომპანიის კარტრიჯებზე არის რიგი და იმედია, აპრილის ბოლოსთვის საქართველოსთვის ცნობილი იქნება მათი მიღების კონკრეტული თარიღი, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვად გაამჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას.

საქართველოში 110-მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

მონაცემები 12:30 საათის შემდეგ განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. მანამდე დადასტურებული იყო საერთო ჯამში 108 შემთხვევა. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG