Accessibility links

გაეროს გენერალურმა მდივანმა კორონავირუსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გლობალური კრიზისი უწოდა


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, რომელიც კორონავირუსს უწოდებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ კრიზისს, შიშობს, რომ თითოეული ქვეყნის მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველ პანდემიასთან ბრძოლა ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს.

გუტერეშმა ეს განცხადება გააკეთა 31 მარტს, COVID-19-ის სოციო-ეკონომიკური გავლენის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციის დროს.

ანგარიში შეიცავს დასკვნას, რომლის თანახმად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ და მისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად განხორცილებული ეკონომიკური ზომების ერთობლიობამ, შესაძლოა „ხელი შუწყოს არასტაბილურობის, არეულობებისა და კონფლიქტების გაძლიერებას“.

გაეროს გენერალური მდივნის თანახმად ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და COVID-19 ისგან მომდინარე გამანადგურებელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გლობალური მასშტაბის უფრო ეფექტური და გადამჭრელი ზომების მიღება.

ასეთი პასუხი შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ერთად დავდგებით, თუ დავივიწყებთ პოლიტიკურ თამაშებს და შევიგნებთ, რომ საფრთხე მთელ კაცობრიობას ემუქრება“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს მოუწოდა, ძლიერი ნაბიჯები გადადგან, ვინაიდან „მსოფლიო საომარ მდგომარეობაშია ვირუსთან და ვერ იმარჯვებს“.

„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა ვიდეოკონფერენციის დროს 26 მარტს განაცხადეს, რომ ისინი კოლექტიურად იმუშავებენ იმაზე, რომ 5 ტრილიონ დოლარზე მეტი ჩადონ მსოფლიო ეკონომიკაში და დასძინეს, რომ „მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ ამ საერთო საფრთხის წინააღმდეგ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG