Accessibility links

ევროპული პრესა კორონავირუსზე: ჩინეთი როგორც მაგალითი?


მაშინ, როცა ახალი კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან მთელ მსოფლიოს მოედო, საკუთრივ ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მის მიერ გატარებულმა მკაცრმა ზომებმა ვითარება კონტროლს დაუქვემდებარა. ქალაქში კვლავ ამუშავდა ბიზნესი, პეკინი თავს ექსპერტად და მრჩევლად წარმოადგენს და სხვა ქვეყნებს სამედიცინო აღჭურვილობას უგზავნის. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მსჯელობენ, შეიძლება თუ არა ჩინეთის აღქმა ერთგვარ მისაბაძ მოდელად ევროპისთვის.

ავსტრიაში გამომავალი ყოველდღიური ლიბერალური ორიენტაციის გაზეთი Der Kurier-ი 1 აპრილის ნომერში კრიტიკულად აფასებს ზოგიერთი ანალიტიკოსის მიერ ჩინეთის დასახვას მისაბაძ მაგალითად: „არა, ჩინეთი არ არის ამ კრიზისის გმირი. დისკუსიებში, რომლებიც განვითარებულ საზოგადოებებში სულ უფრო ხმამაღლა ისმის, ერთ საკითხსაც უნდა გაესვას ხაზი: მაინც რამდენად უნდა შეიზღუდოს დემოკრატია, როცა საქმე ხალხის კეთილდღეობას ეხება? ეს სახიფათო კითხვაა. ... მკაცრი ზომები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად: დიახ. ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დროებითი გაუქმება: დიახ - მაგრამ ეს ყველაფერი დემოკრატიის კანონებით უნდა წარიმართოს. ... ჩინეთის მაგალითი ასევე გვასწავლის, რომ ლიდერები, რომლებიც დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებიან, ძალიან იოლად იწყებენ იმ მოვლენების დამალვას, რომლებიც არ ესადაგება საოცარი ახალი სამყაროს მათ კონცეფციას (თუმცა მხოლოდ იმ დრომდე, სადამდეც ეს გამოუვათ). ახლა კი, ამის შედეგად, მთელი მსოფლიო იტანჯება“.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის The Daily Telegraph-ი 1 აპრილის ნომერში წერს, რომ დადგა დრო, რადიკალურად გადაისინჯოს პეკინთან ურთიერთობა: „ცოცხალი ცხოველების ბაზრების განახლება - ბაზრებისა, სადაც ღამურებსა და მორიელებს ტრადიციული მედიცინის სახელით ყიდიან, იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის მმართველები არანაირად არ აპირებენ შეასრულონ დაპირება და დახურონ ასეთი ბაზრები, სადაც გაჩნდა კიდეც ეს ვირუსი, გავრცელებული ვარაუდით. კორონავირუსის გამოწვევის მიმართ ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეაქცია ყველა დონეზე აღმაშფოთებელი იყო - იმდენად, რომ როცა ეს კრიზისი დასრულდება, ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რადიკალურად უნდა გადასინჯონ პეკინთან თავიანთი ურთიერთობები“.

საკუთრივ ჩინეთში გამომავალი ინგლისურენოვანი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოზიციების გამომხატველი გაზეთი Global Times-ი 31 მარტის ნომერში გადაჭრით უარყოფს პეკინისთვის წაყენებულ ბრალდებებს:

„დასავლეთში ზოგიერთი ოფიციალური პირი ცდილობს, ჩინეთი გამოიყვანოს განტევების ვაცად და ამით საკუთარი არაკომპეტენტურობა გადაფაროს. ... ამ პოლიტიკოსებს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ და უუნარონი არიან კორონავირუსთან ბრძოლაში. ... ჩინეთის დადანაშაულება, რომ ის კორონავირუსის პანდემიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, საღ აზრს ეწინააღმდეგება. ჩინეთმა უკვე იანვრის დასაწყისში შეატყობინა ეპიდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ქვეყნებს. ... 23 იანვარს ჩინეთმა უჰანი ჩაკეტა. ... აშშ-ის, ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსები ჩინეთს მაშინ გულგრილად უყურებდნენ და მისი უბედურებით ხარობდნენ. მათ ბრმა ოპტიმიზმი შეინარჩუნეს მაშინაც, როცა სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში რთული ვითარება შეიქმნა. იმ პერიოდში მათი ქმედებები სამარცხვინო იყო“.

უნგრეთში გამომავალი ყოველკვირეული ლიბერალური ორიენტაციის HVG წერს, რომ, ჩინეთის დადანაშაულების ნაცვლად, ევროპამ საკუთარი პრობლემები უნდა გადაჭრას: „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რაც დამახასიათებელი იყო პლურალისტურ საზოგადოებებში გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების პროცესისთვის, აორთქლდა. ... მომავალ თვეებსა და წლებში ევროპას მოუწევს საფასურის გადახდა იმ ზიანისთვის, რომელიც მოიტანა [კორონავირუსის კრიზისის] მის მიერ სხვადასხვა ასპექტის გაუთვალისწინებლობამ და გრძელვადიანი მიდგომის უქონლობამ. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, ეს რატომ მოხდა: იქნებ იმიტომ, რომ ამ უცნობ ვირუსთან ბრძოლის პირველი კადრები ჩინეთიდან გავრცელდა. ... ჩვენ არა მხოლოდ ვირუსი, არამედ მასთან ბრძოლის სტრატეგიაც დიქტატორული [რეჟიმისგან] მივიღეთ“.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG